მარიამ რამაზაშვილი





შექმენი შენი ტერმინი
სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის
 X კლასის მოსწავლე: მარიამ რამაზაშვილი


გაჭირვების ტალკვესი
       რა პრობლემა გაქვთ? რამე ხომ არ გაინტერესებთ? ინტერნეტმიმოხილვები ახლახან წაკითხულ წიგნთან დაკავშირებით? დაბალკალორიულ კერძთა რეცეპტები? რამეს ეძებთ თაგვებზე? იქნებ სიძველეები გიტაცებთ ან თოჯინათა კოლექციები… ინფორმაცია გინდათ? ეძებთ (და თუ არა, პრობლემაა). აწ უკვე ხსენებული ინფორმაცია ბევრია და თან იმდენად, რომ რაიმეს დიდი რაოდენობის გამომხატველი სიტყვა “ბევრი” მსუბუქი ნათქვამიც კია. ცნობათა ღრიანცელში ორიენტირია საჭირო: ამჩნევთ და გსურთ შეგამჩნიონ. საშუალებაა საჭირო? ალბათ, არსებობს (და თუ არა, პრობლემაა). ჰეშთეგი_ დიეზით წამძღვარებული საკვანძო სიტყვა ან ფრაზა, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოიყენება და კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღმოჩენას ამარტივებს.

თაგვი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს
   კაცობრიობა  ერთი დიდი ორგანიზმია, სახელდობრ ორგანოთა სისტემებისაგან შედგება, რომლებიც საერთო მიზნისათვის ჯაჭვად ჩაბმულ განსხვავებული მოწოდების, კულტურისა და ისტორიის მქონე ხალხის_ორგანოების ერთობას მოიცავს. ვერც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი შეჩერდება (და თუ დიახ, პრობლემაა) და არც მის გამოსათქმელად საჭირო ტერმინთა რაოდენობა დაილევა. ხალხის  კულტურული მიკუთვნებულობიდან გამომდინარე, მშობლიური ენა თავისთავად ყველაზე ახლოა იმ მრავალთაგან, რომლის საშუალებითაც სამეცნიერო კომუნიკაცია უნდა შედგეს, რაც, შესაბამისად, ორგანოთა სისტემების მოთხოვნილებას წარმოადგენს, მის რაობასთან ახლოს მდგომი ლექსიკური სისტემის საშუალებით აითვისოს სიახლე. მოთხოვნათა ცვლილების შემთხვევაში, რაც იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი სამეცნიერო სფეროს ტემპის დროული მიდევნება მეორეს მიმართ, მოსალოდნელია არათუ არაპროპორციული განვითარება, არამედ საკვლევ, გასავითარებელ და შესანარჩუნებელ სფეროთა შემცირება. ახალ პრობლემას გამოსავალიც ახალი სჭირდება, რომლის არასრულყოფილების შემთხვევაში საკუთრივ მორიგი პრობლემა წარმოიშობა. ათასგვარი უცხო ტერმინი გვაქვს, განვითარების რაღაც გასაოცარ დონეზე რომ მეტყველებს, ათასგვარი ტერმინი, რომელიც უცხოა. “ნაკლები ცნობისმოყვარეობა გამოიჩინე ადამიანების მიმართ და იდეების მიმართ_მეტი”(მარია სკლოდოვსკა კიური). ფრაზა რომ თავდაპირველი კონტექსტიდან ამოვგლიჯოთ, შეგვიძლია მოცემულ სიტუაციას მოვარგოთ და ვთქვათ, რომ ერთადერთი, რისი გაკეთების ძალაც შეგვწევს, ისაა, რომ დაძლეულ იქნას ცალკეულ პირთა საქმის შემცირების მიზნით გამოჩენილი ეგოისტური მიდრეკილებები, რათა “სიმსივნის” თავიდან არიდება გახდეს შესაძლებელი  და თითოეულმა უჯრედმა გაიაზროს ორგანიზმის_ კაცობრიობის_ კულტურაზე გადაჯაჭვული მეცნიერული ზრდა-განვითარების არსი.


თემსაკვეთი
   წაკითხულ წიგნთან დაკავშირებით სხვათა შეხედულებებს გაეცანით, დაბალკალორიული კერძებიდანაც მოხერხდა თქვენთვის საინტერესოს შერჩევა. თუ სასაუბრო გამოგელიათ, იმასაც დიდი სიამოვნებით გაეცნობა მსმენელი, შიმშილისას რომ თაგვს საკუთარი კუდის შეჭმა შეუძლია…კულტურულ სიძველეებს კიდევ რა დალევს და არც ცოცხალ თოჯინათა კოლექციას, რომელიც მის შენარჩუნებას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ “იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”… “ჰეშთეგია” იქ, სადაც თემაა და საზოგადოება, რომელიც აღნიშნულს განიხილავს. საკვანძო სიტყვას ან ფრაზას, თემის გამოსაკვეთ ნიშნულს ანუ რაღაცას, რითიც სოციალურ ქსელში გაბნეულ ინფორმაციათა ქაოსში ორიენტაციას ახდენთ, ათასიდან ერთს პოულობთ, საკუთარ ინტერესებზე მორგებულს და თანაც სწრაფად და მარტივად, თემსაკვეთი  შეიძლება ეწოდოს.








ნაადრევი ქორწინება


ეხლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა,  გულში მწუხარებამ ღამე გაათია…”
 რაგვარ ჩაგეკითხოთ:”რომელი საათია?”აღარც აღმართია, აღარც საათია..!

    საათის არაფრის მანიშნებელ წიკწიკს ადამიანის სუნთქვის ხმა ერთვის, თანმხლები ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გულის გამაწვრილებელი მონოტონურობით. იცით? დღეებია ვაკვირდები: ერთი სიარულის მანერა, მიხრა-მოხრა, ჩაცინების ერთი უცნაური ხმა და უშნოდ მოღრეცილი ტუჩის დახრის კუთხე ირონიული ღიმილისას. ნებისმიერ შემთხვევაში უცვლელია ფეხის ხმა იატაკზე მისი გადაადგილებისას თუ არ ჩავთვლით მომენტს, როცა მისი მოძრაობა ჩემკენაა მომართული: მკაცრი ფეხსაცმლის მსუბუქი კაკუნი ფრჩხილის ჩამოსმის ხმას ემსგავსება რკინის ზედაპირზე და ტვინის ყოველ უჯრედს ერთმანეთს აჭყლეტს.
    უკვე თხუთმეტი წლის ვარ. ეს კი ის ასაკია, როცა ადამიანთა დიდი ნაწილი თავს დიდად მიიჩნევს, პატარაობაში რომ ასეთ ნეტარებადაა წარმოდგენილი ჩვენთვის. ჩვენს კულტურაში ამბობენ, გოგო ნაზი უნდა იყოსო, ამიტომაც პატარაობიდანვე გვასწავლიან საოჯახო საქმეს, ქსოვას, ქარგვას, რასაც ბავშვური ენთუზიაზმით ვუდგებით. ამას დიდები აკეთებენ, ამას ჩვენც ვაკეთებთ, ჩვენც დიდები ვართ... გვასწავლიან, რომ შემდგომ ოჯახში გამოვიყენოთ_ სავალდებულოა. მომავალი ოჯახის ხატება ბუნდოვანია, მაგრამ ტკბილი სიზმრის მკრთალი ნათება დაჰკრავს.
   კარგად არასოდეს ვსწავლობდი. არ მესმოდა, რატომ უნდა მეკეთებინა ის, რისი კეთებაც არ მინდოდა იმისთვის, რომ მიმეღო ის, რისი მიღებაც არ მინდოდა. ამიტომაც მოვლენათა შემდგომი განვითარება მეტად მარტივი აღმოჩნდა: სკოლიდან გამოვედი, მშობლებმა უმალ დაიწყეს ჩემს მომავალზე ზრუნვა, მე კი ქსოვას მივყავი ხელი. მამასთვის ოჯახის რჩენა რთულია, ამიტომაც თუ არ სწავლობ და არც სარგებელი მოგაქვს, თხოვდები, დასაოჯახებლობისაგან გამოწვეული შენი არასრულფასოვნება ხომ საზოგადოებისათვის ისედაც მძიმე ტვირთია...
    შარფს ვქსოვდი, ჩემ მიერ ამოყვანილ თითოეულ თვალში ჩემი ქვეცნობიერის მიერ შექმნილი ბუნდოვანი ფიქრი ექსოვებოდა მომავალ მეუღლეზე: ცხოვრებაში არასოდეს მყვარებია, მაგრამ ცხოვრების თანამგზავრად მუდამ ერთი ბიჭი წარმომედგინა, საოცრად მშვიდი, იშვიათი, ცისფერი, თვალები ჰქონდა, მაგრამ შესაფერისი ვარიანტი ჩვენზე შეძლებული ოჯახიდან გამონახეს, შორი ნათესავი, ადრე მყოლია ნანახი. ყველაფერი ერთი დიდი ძილ-ბურანი იყო, ყოველი საკითხი ისე მოაგვარეს ერთმანეთში ჩემი უგულებელყოფით, საკუთარ არსებობაში ეჭვიც კი შემეპარა.
     ახლა აქ ვარ, უკვე თხუთმეტი წლის, და ახლა, იმაზე პატარა ვარ, ვიდრე ჩვილობისას. ვუსმენ საათის არაფრისმთქმელ წიკწიკს და ერთადერთი, რაც რეალურად მეჩვენება, გრძელი და ფიქრებით დამძიმებული შარფია, რომელიც ერთადერთი შვებაა, როცა მისი მოახლოება მჭყლეტს. როცა საკუთარ თავს ვეკითხები, თუ რა ხდება, ერთადერთი, რაც თავში ელავს მუქი, ჭუჭყიანი ნაცრისფერია, რომელიც მაშინ ჩამიჯდა გონებაში, როცა მის შარვალს დავაკვირდი და მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად გავიაზრე, რომ იმაზე პატარა ვარ, ვიდრე ოდესმე. შარფი სიგრძეში იმატებს, კისერზე მეხვევა და მათბობს, საათი განუწყვეტლივ წიკწიკებს და ადამიანის სუნთქვაც არ იცვლება ღამის წყვდიადში. ადამიანის, რომელიც დადის, გრძნობს და მეხება, მაგრამ სინამდვილეში ხორცის მოსიარულე ნაჭერია მხოლოდ:
 “მაინც არ მასვენებს მწარე სინანული”,  გული პირქვე გდია, სული ზედ ამხია
მეტი ფიქრი მმართებს, მეტი ხმა და სიტყვა_ეს რა დამმართნია, ეს რა დაგმართნიათ?!”
 
სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის
X კლასის მოსწავლე: მარიამ რამაზაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий