მარიამ რამაზაშვილი

თაობებს შორის მსგავსება-განსხვავება ბავშვია ყველა, დიდი თუ პატარა. პირველ რიგში, თაობის რაობაზე მსჯელობისას ცხოვრებაში დამკვიდრებული ის ფრიად ბუნებრივი ფაქტი უნდა გავითვალისწინოთ, დროსა და სივრცეში გაბნეულ ადამიანებს რომ თანამედროვე საზოგადოება გვაერთიანებს ხოლმე, რომელშიც ასაკობრივ კატეგორიებად, დაბადების პერიოდის მიხედვით დაჯგუფებულ ადამიანებს გამოვყოფთ, დროისაგან განპირობებული გარემო პირობებისა და სოციალური ფონიდან გამომდინარე რომ ერთმანეთს რიგი მახასიათებლებითა თუ მიდრეკილებებით წააგვანან, რაც საკუთრივ სამყაროში ინტეგრაციასა და გადარჩენას ხდის შესაძლებელს. თაობის წევრები ერთმანეთის მსგავს რიგ მახასიათებლებს იზიარებენ და, მიუხედავად იმ ცხოველური საწყისებისა, ადამიანს რომ არაფრით გამორჩეულ, რამდენიმე საფუძველზე აგებულ არსებად წარმოადგენს, რაც არა მხოლოდ თაობებში, არამედ კაცობრიობის ისტორიაშიც მკაფიოდ შეიმჩნევა, ერთმანეთისგან ცხოვრებისეული ფაქტორებიდან და ადამიანის ბუნების აგებულების ფუნდამენტური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე განსხვავდებიან, მსგავსი ტენდენციის შემჩნევა კი თავისთავად სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა შორისაც კი შეიძლება დაკვირვების საფუძველზე: ისედაც ხომ ყველა ინდივიდუალურია? თაობათა შორის განსხვავებებზე საუბრისას თაობის რაობას კიდევ ერთხელ უნდა შევეხოთ და, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული პერიოდის წარმომადგენლებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მათ შორის არსებულ ძირითად განსხვავებებზე ვისაუბრებ. ფაქტი უფროა, ვიდრე მოსაზრება, რომ ადამიანს გარემო პირობები და გენეტიკა აყალიბებს; თაობას ადამიანთა ჯგუფი ქმნის, ერთ პერიოდში მოვლენილი, რაც ხაზს მსგავს სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ ფონს უსვამს და თაობის ხასიათზე, მსოფლმხედველობასა და ცხოვრების სტილზე ზოგად წარმოდგენას გვიქმნის, რაც მასში არსებული საერთო თვისებების წარმოშობაზე გვაწვდის ინფორმაციას. საგულისხმოა, რომ, ჟამთასვლიდან გამომდინარე, ზემოთხსენებული ფაქტორები განუწყვეტლივ იცვლება, რაც პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებას გვაძლევს მოცემულ დროში მცხოვრებ ადამიანთა მახასიათებლებთან. შესაბამისად, რაზე ვსაუბრობთ, როცა თაობათა შორის განსხვავებებზე ვსაუბრობთ? _ გარემოს ცვლილებაზე. კიდევ რას ვაქცევთ თვალთახედვის არეში? _ ადამიანთა ზოგადსაკაცობრიო და ინდივიდუალურ მახასიათებლებს. სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიღწევებთან ერთად, ესოდენ დიდი როლი რომ უჭირავს ცხოვრების სტილის ცვლილებაში, წვლილი მიუძღვის მასის ცნობიერებაზე მოქმედ ფაქტორებსაც, რომელთა შორისაა: კულტურული გლობალიზაცია, სიახლეების საჭიროება და ცხოვრების მთლიანად განვითარებაზე დაფუძნებული ბუნება, პრინციპი, რომლის მიხედვითად დრომოჭმული მიდგომები ახალ გარემო პირობებში ნაკლები ეფექტიანობის მომტანია და მრავალი სხვა. განსხვავებათა აღსაწერად საბჭოთა კავშირის პერიოდის დროინდელ საქართველოსა და მისი გამოშვებული თაობის თავისებურებებს მოვიშველიებ. წყობა? _ ავტორიტარული. აღზრდა? _ საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული. იდეალური ბავშვი? _ მორჩილი. საკუთარ აზრებზე პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობა? _ გარე ობიექტებზე გადატანილი. თვითცნობადობა? დაბალი. თავისუფლება? _ მჭიდრო, ინდივიდის შეგრძნებისგან დაცლილ ჩარჩოებში მოქცეული. კარგი? _ როგორიც წესის მიხედვითაა. დღევანდელი ადამიანისთვის მნიშნელოვანი თემები? _ ტაბუდადებული. სულაც არ არის უცნაური, ახალი თაობის მიმართ გაჩენილი მოლოდინებიც თუ იგივე იქნება. ამავდროულად, არც აკრძალული ხილი კარგავს ოდესმე ჩვეულ მადისაღმძვრელობას და საზოგადოებაც მუდმივად განსხვავებულისაკენ მოძრაობას საჭიროებს: მოდის თაობა, რომელიც ყველაფრის შეცვლას თითქმის გაუცნობიერებლად განიზრახავს, ყველა ზემოთხსენებული მახასიათებლის წარსულისათვის მიბარების მცდელობა კი დღევანდელობაში თვალსაჩინოა, რაზე გავლენასაც არა მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი, არამედ გლობალური მოვლენებიც არაერთ ასპექტში ახდენს გავლენას: კომუნიკაცია გამარტივებულია, ზოგიერთი სახელმწიფოს სოციალური წყობა შედარებით ნაკლებ განვითარებულისას წინ უსწრებს, აძლევს მიმართულებას, კულტურათა ურთიერთგავლენის შესაძლებლობა კი ამოუწურავია, რასაც ბოლოს გარდაუვალი მოსდევს: თაობა იცვლება. თაობა იცვლება წინამორბედისგან განსხვავებული მიმართულებით და განსხვავებული სახით მოაქვს ყველა ის ელემენტი, წინა თაობასაც რომ ახასიათებდა: ცხოვრებისადმი მიდგომა, პრინციპები, სტანდარტები, სტერეოტიპები... გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანალოგიურია საზოგადოების განვითარების პრინციპი და წრის სახით მოცემული ჩვენი მოძრაობის ტრაექტორია, სწორედაც რომ წინამორბედის პროპორციულია: მასშტაბებს მხოლოდ გარემო განსაზღვრავს, უამრავ ყოფით ფაქტორს რომ მოიცავს. ყველა თაობა ერთნაირ პრინციპს მისდევს, განსხვავება მხოლოდ დეტალებშია. განხვავება არცთუ ისე უმნიშვნელო დეტალებში, რაც ურთიერთობებში მიმდინარე არაერთ სასარგებლო თუ ზიანის მომტან მოვლენას უდებს საფუძველს: როცა დროისგან განპირობებული სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანს უწევს ერთ საზოგადოებაში არსებობა, უეჭველია, რომ დიდი თვითშეგნება და სიახლეების თუ სიძველეებისადმი მიმღებლობაა საჭირო როგორც ურთიერთჰარმონიის შესანარჩუნებლად, ასევე “მამათა და შვილთა ბრძოლის” და “ხიდჩატეხილობის” პრობლემის თავიდან ასაცილებლად. ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე, სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ სამყარო გვქმნის და გვაყალიბებს იმად, რაც ვართ, მაგრამ გარკვეული კონტროლის საშუალებასაც გვაძლევს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რაც თაობას ქმნის და მსგავსებაც სწორედ რომ ბუნებრივ კანონზომიერებებში იმალება, თითოეულ ინდივიდს რომ აერთიანებს. ბავშვის პერსპექტივიდან რომ გადმოგცეთ, დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ ასაკი, რომელსაც წლების წინ “დიდად” ქცევის შესაძლებლობას მივაწერდი, უკვე დადგა, ზრდასრულობის შეგრძნების იდეა კი, ერთი მხრივ, ილუზია ყოფილა, როცა ერთადერთ დასაყრდენად აწმყოში არსებული პიროვნება რჩება ყოველთვის: პიროვნება განვითარების ისტორიით, განვითარებისათვის ხელისშემშლელი თავისებურებებით და პოტენციალად წოდებული აბსტრაქტული ნაწილით. ეს ყველაფერი კი სწორედ ისაა, ნებისმიერ ასაკში რომ აქვს ნებისმიერი თაობის წარმომადგენელს, განსხვავება მხოლოდ ყოფით დეტალებშია. არც ზრდასრულობის იდეაა ხელშესახები და არც ბავშვობის, შეიგრძნობა მხოლოდ ცხოვრება და ბუნებრივი მდგომარეობა, სწორედ ისეთი, როგორიც ბავშვობა: სისუსტეებით, ძალით, სიხარულითა თუ მწუხარებით სავსე... არსებობს საზოგადოება და ვარსებობთ ადამიანები, მაგრამ არ არსებობს თაობა, რომლის წარმომადგენელთანაც საერთოს ვერ ვიპოვით, ვინაიდან ბავშვია ყველა, დიდი თუ პატარა. ბავშვი, რომელსაც ზრდიან, რომელიც ცხოვრებას იწყებს, საარსებოდ დროის სამი განზომილებიდან ერთ-ერთს ირჩევს, სამყაროში ადაპტირდება ანდაც ვერ ადაპტირდება. არსებობენ ადამიანები, თაობის ზოგად მახასიათებლებზე დაყრდნობით ტიპიურები, მაგრამ გამონაკლისის სახით არსებობენ ე.წ. “აუთსაიდერებიც”, მათ თანამედროვეებთან რომ ადგილს ვერ პოულობენ: ზედმეტად სერიოზულები ან ზედმეტად მხიარულები, ზედმეტად “ძველები” და ზედმეტად “ახლები”, მოსაწყენები ან იქნებ მოუსვენრები, სუპერგმირები, დინებას მიდევნებულები და, საერთოდაც, ზედმეტად ზედმეტები იმისთვის, რომ მიიღონ. თაობისდა განურჩევლად არსებობს რაღაც შეგნებად წოდებული და ზოგჯერ არც არსებობს. არსებობს უნარი, შესაძლებლობა, რომელიც ყოველთვის პიროვნების განვითარების მოსალოდნელი ეტაპის მიხედვით იზომება. არსებობენ კმაყოფილები და უკმაყოფილოები, ბედნიერები და ისეთებიც, ბედნიერება რომ არც კი უნდათ. არსებობს ყველა და ყველაფერი, მაგრამ თაობის წევრად ყოფნას როდი აქვს მნიშვნელობა: არსებობს ყველა და ყველაფერი, ყველა მახასიათებელი, რომელთა ქონაც ნებისმიერი ინდივიდისათვის აბსოლუტური ნორმაა, თაობას კი მხოლოდ მათი სიხშირე და მსგავსებები აკავშირებს. გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ვიქცევით იმად, რადაც საზოგადოება და ჟამთასვლა გვაქცევს, საბოლოოდ კი მთავარ პრინციპად მაინც სიახლეებისა თუ სიძველეებისადმი გახსნილობასა და მიმღებლობას მივიჩნევ, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ბავშვია ყველა, დიდი თუ პატარა.

Комментариев нет:

Отправить комментарий