დააბრუნე ენაში შენი სიტყვა
სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის
IX კლასის მოსწავლე:
მარიამ ცუცუნაშვილი
მოგეხსენებათ, საქართველო უძველესი სახელმწიფოა, რომელსაც დასაბამიდან
საკუთარი სამეტყველო ენა გააჩნია. ქართული ენა კი ჩემი აზრით მთელს მსოფლიოში უნიკალურია,
მდიდარია სიტყვათა მარაგით და სწორედ ამიტომ, არ უჭირთ ქართველებს, უცხოელებისგან განსხვავებით, რამე ქცევას, მოვლენას თუ სხვა რამეს სწორად შესაფერისი
სიტყვა მიუსადაგონ.
თუმცა XXI საუკუნეში ქართული სიტყვები ჩაანაცვლა
ე.წ ,,ჟარგონებმა", „ბარბარიზმებმა“, რომლებიც ისე შეესისხლხორცა ენას, რომ ჩვენ
ადამიანებს შეუძლებლად გვეჩვენება საუბარი ამ სიტყვების გარეშე. დღეს, თანამედროვე
თაობაში, საუბარი თითქმის შეუძლებელია ამ ,,ჟარგონების" გარეშე. კიდევ რა ხდება?
თუ მოხდა ისე, რომ ვინმე ბავშვმა ან ზრდასრულმა დაიწყო საუბარი სუფთა ქართულით, ხდება
დაცინვის ობიექტი და ბულინგის მსხვერპლიც კი. თან იყენებენ სიტყვებს, რომლებიც ვიღაცისგან
გაიგონეს, თავადაც გამოიყენეს, რომელსაც სულ სხვა მნიშვნელობა მიაწერეს. ამის შემდეგ
კი სიტყვა კარგავს თავის ფუნქციას მეტყველებაში.
იმდენად შელახულია ახლა ქართული,რომ თითქოს ენამ
საკუთარი ვინაობაც კი დაკარგა. გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენ, ქართველებმა ჯერ კიდევ
არ ვიცით თუ რამდენი სიტყვა გვაქვს ლექსიკაში.
ახლა კი ერთ ტერმინზე მინდა ვისაუბრო. ეს არის
„ტოლერანტობა“. ტოლერანტობას ზოგადად ბევრი მნიშვნელობა აქვს და მისი ზუსტი მნიშვნელობა
შეიძლება მეც არ ვიცოდე, რადგან ის არის ტერმინი რომელიც ვიღაცამ გამოიყენა და შემდეგ
ეს სიტყვა გახდა აქტუალური, მაგრამ ვისაც არ უნდა ჰკითხო მისი მნიშვნელობა, არ აქვთ
გააზრებული. ტოლერანტობამ, არც ისე დიდი ხნის წინ, დაიმკვიდრა თავისი ადგილი მეტყველებაში.
ეს სიტყვა წარმოშობილია ლათინურიდან Tolerantia, რაც შემწყნარებლობას ნიშნავს, თქვენი
აზრით, რომელი უფრო შეესადაგება მის შინაარს, ტოლერანტობა თუ შემწყნარებლობა ? რომელს
უფრო შეუძლია დაგაფიქროს და უფრო ღრმად ჩაგაწვდინოს სიტყვის შინაარსში?
ჩემი აზრით, შემწყნარებლობას, რადგან ჩემთვის პირადად
ეს სიტყვა უფრო სრულად აღნიშნავს მნიშვნელობას და ზუსტად გამოხატავს იმ თვისებებს:
პარტნიორობას, თანაგრძნობას,სხვებზე ზრუნვას, რომელიც ამ სიტყვაშია გაერთიანებული.
როგორც დასაწყისში ვთქვი, ქართული ენა იმდენად
მდიდარია,რომ არ არის საჭირო სხვადასხვა ენიდან ავიღოთ სიტყვები. ამით ჩვენ ქართულ
ენას ვაკარგვინებთ ინდივიდუალობასა და გამორჩეულობას. მე კი მიმაჩნია, რომ თითოეული
ერისთვის იმაზე მეტი სიმდიდრე არაფერია,როგორც საკუთარი ენის ქონა. მივესალმები იმ
აზრს,რომ რაც უფრო მეტი ენა იცი, მით უფრო ადამიანი ხარ და მართალიცაა,მაგრამ ამის
ფონზე საკუთარი ენა არ უნდა დაივიწყო ეს ხომ შენ პიროვნულობას გძენს. უნდა გავუფრთხილდეთ
ენას და ვიმეტყველოთ ქართულად ,რადგან ეს ჩვენი მოვალეობაა, როგორც ქვეყნის შვილების.
ნაადრევი ქორწინება
ნაადრევი ქორწინება ის თემაა, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაში აქტუალურია. არც საქართველოა გამონაკლისი. მოზარდების შეუღლება შეიძლება იყოს გამოწვეული მრავალი მიზეზით: ტრადიციებით, ძალადობით, არასწორი აზროვნებით, რასაც უმეტეს შემთხვევაში ფატალურ შემთხვევებამდე მივყავართ.
მოზარდმა, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული არც ფიზიოლოგიურად, არც ფსიქოლოგიურად, რთულია შექმნას ოჯახი და გაიაზროს თუ რა პასუხისმგებლობის წინაშე დგება. შვილის გაჩენა და მისი აღზრდა ხომ ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესია.
მუსლიმანურ ქვეყნებში, სადაც ხალხი კვლავ დრომოჭმული ტრადიციებით ცხოვრობს, ქალს უყურებენ, როგორც ნივთს. მას აკრძალული აქვს საკუთარი აზრისა და უფლებების დაცვა. ქალის ბედს ყოველთვის კაცები წყვეტენ და სწორედ ამიტომ, ნაადრევი ქორწინების მსხვერპლნი ხშირად ქალები ხდებიან, რადგან დღესდღეობით კვლავ გვხვდება ქალი- მეუღლის, ოჯახისა და ტრადიციების მსხვერპლად.
უმეტესი ქორწინება იძულებითია, ვიდრე ნებაყოფლობითი და ხშირად გოგონები აღმოჩნდებიან უამრავი პრობლემის წინაშე, როგორიცაა: განათლებაზე უარის თქმა, ნაადრევი ორსულობა, ძალადობა და სხვა. სამწუხაროდ, ასეთი ქორწინება დიდი კრახით მთავრდება, თვითმკვლელობით ან ჯანმრთელობის მხრივ შექმნილი პრობლემებით.
საქართველოში დღესდღეობით უფროსი თაობა ისევ ძველ შეხედულებებს იზიარებს და თვლის, რომ არაფერი შავდება მოზარდობის ასაკში გათხოვებით. ხშირად ვხვდებით ისეთ სიტუაციებს, როდესაც ჩემს ტოლებსაც და მეც მოგვიხსენიებენ ,,უკვე გასათხოვარ გოგონებად"
და არა მოზარდად, რომელიც შეიძლება განვითარდეს, მიიღოს კარგი განათლება, ჩამოყალიბდეს სრულფასოვან პიროვნებად, რომელსაც ექნება საკუთარი აზრისა და ცხოვრების განკარგვის უფლება.
ჩემი აზრით, XXI
ს_ში აღარ უნდა იყოს აქტუალური ნაადრევი ქორწინება. არსებობს არაერთი ორგანიზაცია, რომლებიც იცავენ მოზარდთა უფლებებს, თუმცა მაინც ვხვდებით სამწუხარო შემთხვევებს და დროა უფრო გამკაცრდეს კანონი. ასევე საჭიროა ღია საუბრები, აუცილებელია მშობლებისა და სკოლის მეტი ჩართულობა, რათა მოზარდები ინფორმირებულები იყვნენ ნაადრევი ქორწინების შედეგებზე.
სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის
IX კლასის მოსწავლე: მარიამ ცუცუნაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий