მარიამ რამაზაშვილი



სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის  X კლასის მოსწავლე:მარიამ რამაზაშვილიჯეფრი იუჯინიდისის "თვითმკვლელი ქალწულები" 
ერთი შეხედვით, ჯეფრი იუჯინიდისის "თვითმკვლელი ქალწულები" ის წიგნია, რომელზეც ყველაზე მეტი უნდა მეწერა, მაგრამ კითხვის პროცესში აღმოვაჩინე, რომ ჩემი განმარტებები არაფერს განმარტავს ზუსტად ისე, როგორც მთხრობელი ბიჭების, ავტორი რომ მათში დიდი ოსტატობით ჩასახლებულა. გინდათ შორეული თვალი შეავლოთ ლისბონთა ოჯახს? შეიგრძნოთ ცამეტი წლის გოგონად ცხოვრების ტვირთის ერთი მეათასედი? იქნებ გინდათ, ასევე შორეული გრძნობით შეიგრძნოთ სიტუაცია, როცა კანში ნემსს გიყრიან, მაგრამ თითქოს სულაც არა, რადგან ვერ გრძნობთ? იქნებ იმან დაგაინტერესოთ, თუ როგორ იქცევა ორი მამაკაცი, როცა სასწრაფო დახმარების მანქანა ვენებგადაჭრილ, ცოცხალმკვდარ გოგონას მიასვენებს? ნახავთ, როგორ ებრძვიან და უმკლავდებიან ადამიანები და ამ შემთხვევაში_ნორჩი, სამყაროში ახლად ფეხადგმული ადამიანები იმას, რასაც ცხოვრებას ვეძახით ხოლმე. ლისბონების ოჯახისა და მათი სახლის მაგალითზე ნახავთ, როგორ გამოსახავს გარეგანი დაცემა შინაგან გარდაცვალებას, მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური არსებობა რომ ურთულებს საქმეს. წარმოსახვაში კიბეზე ობლად მიტოვებულ სენდვიჩს გააცოცხლებთ, ვიღაცას რომ ყელში არ გადაუვიდა, ალბათ. გაიხსენებთ, როგორი სუნი აქვს ხოლმე სიკვდილს, ყვავილებით შემკობილი და გლოვით გაჟღენთილი. ნახავთ, როგორი აპათიური შეიძლება გახდეს შემაძრწუნებელი ამბავიც კი, თუკი განმეორდა. ხედვის მაქსიმალური გრძნობით იგრძნობთ იმ ყოველდღიური ჩვეულებრივობების განსაკუთრებულ სილამაზეს, თმიანი სავარცხელი, ჯვარცმაზე წამოცმული ბიუსტჰალტერი, დღიურში გაკეთებული პირადი და გარე თვალისათვის თითქმის აბსტრაქტული აზრის მომცველი ჩანახატები ან, თუნდაც, ცალმხრივი სიყვარული რომ იტევს. გაიცნობთ უამრავ ტიპაჟს უამრავი ისტორიით, რომელშიც თუ მოინდომებთ, შეიძლება თქვენი ისტორიის პატარა ნაგლეჯი მაინც აღმოაჩინოთ. დაინახავთ, რაოდენ დიდ ურჩხულს ქმნის არასწორი აღზრდა, გენეტიკური წინასწარგანწყობა და გარემო პირობები სამყაროში, სადაც ადამიანებს საკუთარი შეცდომების აღიარება უჭირთ, ადამიანობის მანიშნებელი რომაა, რასაც შემდგომში მოსდევს არა ერთი, არამედ ორი, სამი, ოთხი და კიდევ ერთი თვითმკვლელობა, მეტი თუ არა... "თვითმკვლელი ქალწულები" წიგნია, რომელზე საუბრისას დანაშაულად არ ჩაითვლება, წინასწარ გადმოვცეთ სიუჟეტის მთავარი ღირსება: ლისბონთა ოჯახიდან ხუთი ქალწული იკლავს თავს. წიგნი, რომელშიც არც ერთი აზრი არ შეგვიძლია მივიჩნიოთ ჭეშმარიტებად, როცა თითქოს ყველაფერი სწორია, მაგრამ არაფერი. ნაწარმოები, რომელიც გარე თვალსა და საინტერესო პერსონაჟებს ემყარება, საინტერესო დეტალებითა და გარემოებებით. წიგნი ქინქლებზე, რომლებიც "მხოლოდ ოცდაოთხი საათი ცოცხლობენ. კვერცხებიდან იჩეკებიან, კვერცხებს დებენ და იხოცებიან. ჭამასაც კი ვერ ასწრებენ."

Комментариев нет:

Отправить комментарий